შპს ,,თამარისი“
სკოლის ჩარჩო რეგულაციის დოკუმენტი მოსწავლეთა უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ
შესავალი
წინამდებარე სკოლის ჩარჩო რეგულაციის დოკუმენტი წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ადმინისტრირების მექანიზმის ხელშეწყობას მოსწავლეთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის მიზანს წარმოადგენს, მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება, მისი ღირსების დაცვა, კეთილდღეობის, უსაფრთხოების, სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების განვითარებისა და მისთვის საუკეთესო ინტერესების დაცვა/რეალიზება. მნიშვნელოვანია მოსწავლეების მიმართ თანასწორუფლებიანობის დაცვა დისკრიმინაციის გარეშე.
სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის მომზადებას მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით, განსაკუთრებით – მშვიდობის, ღირსების, პატივისცემის, შემწყნარებლობის, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით.
აღნიშნული მიზნის განხორციელებით ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციას, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, ბავშვის უფლებების დაცვის კოდექსს, საერთაშორისო კონვენციებითა და დეკლარაციებით დადგენილ სტანდარტებს, პრინციპებსა და ნორმებს, ასევე ყველა იმ საერთაშორისო შეთანხმებას, რომელსაც აღიარებს სახელმწიფო.
ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია ცოდნისა და ინფორმაციის გავრცელება. თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა – იცოდეს თავისი უფლებები.
საქართველოს პარლამენტმა 2019 წელს მიიღო „ბავშვის უფლებათა“ კოდექსი, რომელიც ადგენს საკანონმდებლო საფუძვლებს, ბავშვის დაცვის საშუალებებსა და გარანტიებს, ბავშვის უფლებების, თავისუფლებების და ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად. აღნიშნული უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს – ბავშვის კეთილდღეობას.
„ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ“ ევროპული კონვენციის შესაბამისად, ბავშვები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი სათანადო ინფორმაციით, რაც მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვის საუკეთესო საშუალებაა, ამასთნ, გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვის აზრი. აღნიშნულ კონვენციას საქართველო შეუერთდა 1994 წელს და აიღო ვალდებულება, დაიცვას კონვენციით გათვალისწინებული ბავშვის უფლებები.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მოსწავლის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად სკოლის საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტის საფუძველზე ქმნის მოსწავლეთა უფლებების დაცვის შემსწავლელ კომისიას და განსაზღვრავს მისი ფუნქცია-მოვალეოებების ჯეროვნად შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს.
თავი I
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია:
ხაზი გაუსვას სახელმწიფო სტანდარტებით დადგენილი, მოსწავლის უფლებების დაცვის ზრუნვის ადმინისტრირებისთვის სათანადო მექანიზმების დადგენის მნიშვნელობის სავალდებულოობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
დოკუმენტის ამოცანას წარმოადგენს:
მოსწავლეთა უფლებების დაცვის ეფექტური კონტროლისა და პრევენციის მიმართულებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ხელშეწყობა შესაბამისი ღონისძიებების გაძლიერების მიზნით. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, სკოლის საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტის საფუძველზე ქმნის მოსწავლეთა უფლებების დაცვის შემსწავლელ კომისიას, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს მოსწავლის უფლებების დარღვევის ფაქტზე სათანადო რეაგირებას.
მოსწავლეთა უფლებების დაცვის მექანიზმების შემუშავება – განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა:
მოსწავლეთა უფლებების დაცვის ეფექტური განხორციელებისთვის სკოლა ქმნის (სკოლის საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტის საფუძველზე), მოსწავლეთა უფლებების დაცვის შემსწავლელ კომისიას, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების, მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, ფსიქოლოგისა და მოსწავლეების (საჭიროების შემთხვევაში სახალხო დამცველის მოწვეული წარმომადგენლის) შემადგენლობით. კომისიას უხელმძღვანელებს სკოლის დირექტორი, სკოლის დირექტორის მიმართ საჩივრის შემთხვევაში განათლების სფეროში მოქმედი უწყების წარმომადგენელი.
ზემოაღნიშნულ დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება კომისიის შექმნის მიზანი, კომისიის შექმნის პროცედურა, წესი, პირობები, საკითხის განხილვის ვადა, წევრების რაოდენობა და განისაზღვრება შემადგენლობა საქმის შესწავლის ობიექტურობისა და საქმეზე სამართლიანი შედეგის დადგომის თვალსაზრისით. კერძოდ, კომისიის შემადგენლობის დაკომპლექტება განისაზღვრება სკოლის დირექციის, მასწავლებლების და მშობლები/კანონიერი წარმომადგენლების თანაბარი რაოდენობით, რათა დაცული იქნეს საქმეზე ობიექტურობისა და სამართლიანობის პრინციპი.
ასევე ობიექტურობისა და სამართლიანობის მეტი დაცულობისთვის შედგება სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი, რომელიც დაერთვება საკითხის შესწავლის შედეგად მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებას. კომისია უზრუნველყოფს მოსწავლეთა უფლებების
დარღვევის ფაქტ(ებ)ზე მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საჩივრების რეგისტრაციას და მისი განხილვისთვის საჭირო პროცედურების განხორციელებას.
სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა უფლებების დაცვის შემსწავლელი კომისიის არსებობის, მისი შექმნის მიზნისა და ფუნქცია-მოვალეობების თაობაზე ინფორმაციის საჯაროობას. კერძოდ, სკოლა განახორციელებს ინფორმაციის თავის ვებ.გვერდზე გამოქვეყნებას, სკოლის დერეფანში სტენდზე გაკვრას, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის დოკუმენტით უშუალო ინფორმირებას მისი ხელმოწერის დადასტურებით. აღნიშნული უზრუნველყოფს მოსწავლეთა უფლებების დარღვევის ფაქტზე მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ გასაჩივრების მექანიზმის, პროცედურისა და თანმიმდევრობის დაცულობას.
კერძოდ, სკოლაში მოსწავლის უფლების დარღვევის ფაქტის თაობაზე მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი აღნიშნული ინფორმაციის შესაბამისად, ბავშვის უფლების და კანონიერი ინტერესების დასაცავად მიმართავს უპირველეს ყოვლისა სკოლაში არსებულ ზემოაღნიშნულ მოსწავლეთა უფლებების დაცვის შემსწავლელ კომისიას. ამასთან, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ინფორმირებულია, რომ საკითხის კომისიური წესით განხილვისა და მიღებული შედეგით უკმაყოფილების შემთხვევაში, გასაჩივრების შემდეგ ეტაპს წარმოადგენს, განათლების სფეროში მოქმედი უწყებისთვის ან/და სახალხო დამცველისთვის მიმართვა.
კომისიამ თავისი საქმიანობის პროცესების ეფექტიანად წარმართვისას უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო კონვენციებით დადგენილი წესების დაცვით, სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტით, განსაზღვრული პრინციპებით და მიდგომებით.
სკოლის ადმინისტრაცია თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში მუდმივად ზრუნავს მოსწავლის უფლებების დაცვა/რეალიზაციაზე;
სწორედ ადამიანის ფუნდამენტური უფლებიდან გამომდინარე – „იცოდეს თავისი უფლებები და დაცვის მექანიზმები“ – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს სკოლის საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტის საჯაროობას და მოსწავლეთა უფლებების დაცვის შემსწავლელი კომისიის ფუნქცია-მოვალეობებისთვის ხაზგასმას, რადგანაც სწორედ ზემოაღნიშნული წარმოადგენს სკოლაში მოსწავლის უფლებების დარღვევის ფაქტზე რეაგირების და დაცვის უპირველეს საშუალებას.
ზემოაღნიშნულ დოკუმენტში გაწერილი ფუნქცია-მოვალეობების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს სკოლის დირექტორი და სკოლის დირექტორის მიერ დოკუმენტით განსაზღვრული ადმინისტრაციის თანამშრომელ(ებ)ი.
თავი II
მოსწავლის უფლება-მოვალეობები:
მოსწავლის უფლებები დაცულია, საქართველოს კონსტიტუციით, ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციით, ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილი სტანდარტებით,
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო მარეგულირებელი აქტებით, რომლის შესრულება სავალდებულოა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
მოსწავლის უფლებაა მოითხოვოს: ღირსეული მოპყრობის უფლება, აზრის გამოთქმის უფლება, დისკრიმინაციის, ბულინგის აკრძალვა, დაცული იქნეს მისი პერსონალური მონაცემები, გაერთიანების, რწმენის თავისუფლება, ხარისხიანი განათლების მიღების, საკუთარი პიროვნების სრულად განვითარების, უსაფრთხო გარემოში სწავლების და ა.შ. მოსწავლეთა უფლებების დაცვის ამ და სხვა უამრავ ჩამონათვალს ასევე განსაზღვრავს სახელმწიფოს შიდა და საერთაშორისო მარეგულირებელი საკანონმდებლო დანაწესები, აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელსაც აღიარებს სახელმწიფო და ხელს უწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მისი დაცვის მექანიზმების შემუშავებაში.
მიზანშეწონილია სკოლამ მოსწავლეთა ინფორმირების მიზნით, გამოსცეს საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც სრულყოფილად აისახება მოსწავლის როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები, რადგანაც მოსწავლე, საკუთარი უფლებების დაცვის ცოდნასთან ერთად მნიშვნელოვანია ფლობდეს ინფორმაციას თავისი მოვალეობების თაობაზე, რათა დაცული იქნას, როგორც საკუთარი, ისე სხვათა უფლებები. ამასთან, აისახოს ინფორმაცია სკოლაში არსებული მოსწავლეთა უფლებების დაცვის შემსწავლელი კომისიის თაობაზე, ფუნქცია- მოვალეობების გათვალისწინებით.
თავი III
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლება-მოვალეობები
მოსწავლეთა უფლებების დაცვის განხორციელებისას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. მისი უფლებაა ფლობდეს ინფორმაციას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი შეზღუდვის საფუძვლების შესახებ, რათა უზრუნველყოს ბავშვის უფლებების დაცვა/რეალიზება.
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მოვალეობაა სკოლის ადმინისტრაციას მოსთხოვოს და ყურადღებით გაეცნოს სკოლის საქმიანობის მარეგულირებელ დოკუმენტს და მის საფუძველზე შექმნილ მოსწავლეთა უფლებების დაცვის შემსწავლელი კომისიის ფუნქცია-მოვალეობებს, რომელიც შექმნილია სწორედ სკოლაში მოსწავლის უფლებების დაცვა/რეალიზაციის მიზნით. ამასთან, დაიცვას დოკუმენტით გათვალისწინებული წესი, პირობები, გასაჩივრების პროცედურები და გასაჩივრების ეტაპები. იგი ასევე უფლებამოსილია სკოლის ადმინისტაციას მოსთხოვოს მოსწავლის, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებებისა და ვალდებულებების საჯარო გამოქვეყნება.
თავი IV
სკოლის ფუნქცია-მოვალეობები:
სკოლა ცნობს და იცავს ბავშვთა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებას, გაეროს ბავშვთა კონვენციის ოთხი პრინციპის მიხედვით:
- სიცოცხლე – ბავშვებს აქვთ სიცოცხლისა და გადარჩენის უფლება, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის, წყლითა და სანიტარული სისტემით უსაფრთხოდ სარგებლობის უფლება;
- განვითარება – ბავშვებს აქვთ განათლების, ინდივიდუალობის განვითარების, გონებრივ თუ ფიზიკურ შესაძლებლობათა სრულად გამოვლენის უფლება;
- დაცვა – ბავშვებს აქვთ უფლება დაცულნი იყვნენ ნებისმიერი სახის შეზღუდვებისა და ექსპლუატაციისაგან, ომისა და გაჭირვებისგან;
- მონაწილეობა – ბავშვებს აქვთ უფლება გააჩნდეთ საკუთარი აზრი, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი შეხედულებანი და მიიღონ სასურველი ინფორმაცია.
სკოლის მიერ მოსწავლის მიმართ ქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები მოსწავლის უფლებათა დაცვის მიზნით, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
სკოლა ვალდებულია მოსწავლის უფლებებისა და მოვალეობების გაცნობა მოახდინოს საჯარო გამოქვეყნებით და მისი ვიზუალიზაციით, სახელოვნებო/შემოქმედებითი მიდგომების გამოყენებით. დაუშვებელია მოსწავლისათვის მოსწავლის უფლებებისა და მოვალეობების გაცნობა დოკუმენტზე ხელმოწერით, აღნიშნულის განხორციელებისას სკოლა მიმართავს მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლისათვის მოსწავლის უფლებებისა და მოვალეობების გაცნობის ღონისძიებები უნდა იყოს პოზიტიური ხასიათის მატარებელი და არ ისახავდეს მიზნად მოსწავლეში შიშის გრძნობის გაღვიძებას, დასჯის შიშის შექმნას და სხვა, ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ასაკობრივი თავისებურებები.
უფლებამოსილი პირი/სკოლის დირექციის წარმომადგენელი ვალდებულნი არიან სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში უზრუნველყონ მოსწავლეთა უფლებებისა და წესების, ასევე, სკოლის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის გაცნობა ყველა მოსწავლისათვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ან/და სხვა ღონისძიებების ორგანიზებით.
თავი V
სკოლის დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი ფუნქცია – მოვალეობების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია. თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას იცავს საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო კონვენციებით დადგენილ მოთხოვნებს.
სკოლის დირექტორი იცავს და ზედამხედველობას უწევს მოსწავლეთა უფლებების დაცვის მექანიზმების შემუშავება – შესრულებას. სკოლაში მოსწავლეთა უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ახდენს დაუყოვნებლივ რეაგირებას, სკოლაში მოსწავლეთა უფლებების დაცვის მიზნებისთვის არსებული სამეთვალყურეო საბჭოს საშუალებით და სამომავლოდ მსგავსი პრობლემების თავიდან აცილების მიზნებისთვის მიმართავს პრევენციულ ღონისძიებებს.
თავი VI
მასწავლებლის ფუნქცია-მოვალეობები:
მასწავლებელი ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კონსტიტუციის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი წესი და პირობები.
მასწავლებელი იცავს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, როგორც მოსწავლეებთან, ისე მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობისას. მასწავლებლის პირდაპირი ვალდებულებაა ითანამშრომლოს მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან, იყოს თავაზიანი და საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.
მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციები მასწავლებლის ვალდებულებების ვრცელ ჩამონათვალს იცნობს. მაგალითად, მისი ვალდებულებაა მოსწავლეს არ მიაყენოს სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა და არ მოახდინოს მასზე ემოციური (ფსიქოლოგიური) ზეწოლა. კონფლიქტურ სიტუაციებში შეინარჩუნოს სიმშვიდე, მოისმინოს მოსწავლეთა აზრი და მიიღოს ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილებები. თანაბრად ყურადღებიანი იყოს მოსწავლის მიმართ, განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნისა და იზრუნოს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება, მათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მიუხედავად და ა.შ. შესაბამისად, მასწავლებელს გაცნობიერებული აქვს მოსწავლის უფლებების დაცვის უპირობო ხარისხი, რომელზეც ზრუნვა მისი ყოველდღიური საქმიანობის შემადგენელი ნაწილია.
მასწავლებლის პირდაპირი ვალდებულებაა აქტიური მონაწილეობა მიიღოს მოსწავლეთა უფლებების დაცვის მექანიზმების შემუშავებაში და უფლების დარღვევის შემთხვევაში გამოიჩინოს ობიექტური და სამართლიანი მიდგომა.
ასევე გამოიჩინოს ინიციატივა და მოსწავლეთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე სკოლის დირექტორს შესთავაზოს პრევენციის მექანიზმები.